logo
ENG



"დინამო თბილისი" ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს

20 აგვ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა კლუბებმა ევროსარბიელზე 2020/2021 წლების სეზონზე გამოსვლა დაიწყეს. პირველი, რომელიც ევროტურნირებში ჩაერთო, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი “დინამო თბილისია”. ქვეყნის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, ალბანურ “ტირანას” უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი სრულად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისელები ბურთზე კონტროლი პირველივე წუთიდან დააწესეს და ამ კომპონენტში მატჩის ბოლოს 70%-იანი უპირატესობა ჰქონდათ. გარდა ამისა, ქართული გუნდი მეტოქეს ყველა სხვა სტატისტიკური მონაცემებითაც სჯობდა და სახიფათო მომენტებსაც ფლობდა, თუმცა სტანდარტული მდგომარეობისას ცენტრალური მცველების აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.

პირველ ნახევარში ალბანელებს ერთადერთი შანსი მიეცათ და ისიც გოლად აქციეს. ბოლო დამატებულ წუთზე, ლუკა ლოჩოშვილის საკუთარ საჯარიმოში დაშვებულ შეცდომას ტორასას გოლი მოჰყვა – 0:1.

მეორე ნახევარში “დინამოსთვის” გოლის გატანა აუცილებელი ამოცანა გახდა. თბილისელები აქტიურად უტევდნენ და ფონს გასვლას ძირითადად საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ, მაგრამ მეტოქე თავს მთელი გუნდით იცავდა, საჯარიმოში ჩაწოდების დროს “ტირანას” 11 ფეხბურთელი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რაც “დინამოს” მიზნის მიღწევაში ხელს უშლიდა.

საპირისპიროდ, 86-ე წუთზე, “დინამოს” მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ, რაც მარსელ ისმაილეცის გოლით დასრულდა – 0:2 და “დინამო” ჩემპიონთა ლიგას პირველი ეტაპიდან უგოლოდ დაემშვიდობა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გამოსვლას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც  მეტოქე ცნობილი მოგვიანებით გახდება.


close დახურვა